ქართული ნაციონალოური სამოსი


ტანსაცმელი ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც იქმნება ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესისა და ბიოგეოგრაფიული გარემოპირობების საფუძველზე. ამასთანავე, სამოსის სახესა და სტილს განაპირობებს ეკონომიკური და სოციალური ვითარება, ამიტომაც ტანსაცმლის ესა თუ ის ფორმა, მისი ძირითადი სახე, მხოლოდ გარკვეული ეთნოსისთვისაა დამახასიათებელი.
ქართული ეროვნული ტანსაცმელი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ამავე დროს სერიოზულ ცვლილებებს განიცდიდა, როგორც თავისი ბუნებრივი განვითარების საფუძველზე, ისე მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის შედეგად. შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ჩასაცმელმა, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე (რამდენადაც ამის გამოკვლევის საშუალება გვაქვს), ეტაპობრივად რამდენიმე ძირითადი ხასიათის ცვლილება განიცადა; საბოლოოდ კი, ფეოდალური წყობილების დასრულებასთან ერთად, დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ფაქტობრივად, განდევნილი იქნა ხმარებიდან.
იგი შეცვალა თანამედროვე და მოხერხებული სტილის ევროპულმა კოსტიუმმა; დღეს ძნელი სათქმელია, ქართულ ჩასაცმელს რომ დაცლოდა ბუნებრივი განვითარების საშუალება, რა სახეს მიიღებდა იგი და განიცდიდა თუ არა ტრანსფორმაციას თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა ნათელია, რომ მას ბევრი სხვა ტრადიციული ჩასაცმელის ბედი ეწია და მხოლოდ ნაციონალურ, დეკორატიულ სამოსად გადაიქცა.
ქართული ჩასაცმელის შესახებ წყაროები მეტად მწირია, შეიძლება ითქვას, რომ ადრე და შუა საუკუნეების წერილობითი წყარო, სადაც მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ინფორმაცია იქნებოდა ტანისამოსის შესახებ, არ მოგვეპოვება. ადრეული პერიოდის ქართული ჩასაცმელის შესასწავლად მხოლოდ ეკლესიებში შემონახული მხატვრობა, ბარელიეფები და მინიატურები გაგვაჩნია, რომლის საფუძველზეც შეიძლება ძირითადი სტილის და ჩაცმის მორთულობის განსაზღვრა. გვიანი პერიოდის ქართველ ავტორთა ნაშრომები (ვახუშტი ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილი, პაპუნა ორბელიანი და სხვ.), ისტორიული, სამართლებრივი და ლიტერატურული ძეგლები, აგრეთვე `მზითვის წიგნები~, გარკვეულ ცნობებს შეიცავენ ჩაცმულობის შესახებ. `მზითვის წიგნებში~ ტანსაცმლის სახეობათა, ქსოვილებისა და სამკაულების საინტერესო ჩამონათვალია მოცემული.
არანაკლებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით უცხოელ მოგზაურთა ნაწერებში, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ ქართული ტანისამოსის გამო და ცდილობენ ქართული ტრადიციული სამოსი ევროპულ კოსტიუმს დაუკავშირონ (იოსიფა ბარბარო, არქანჯელო ლამბერტი, ჟან შარდენი და სხვ.).
ამ საკითხის კვლევის ფუძემდებელი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ქართული ჩასაცმელის შესწავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნდა ეთნოგრაფიულ მასალას, რომელსაც სიფრთხილით მოპყრობა სჭირდებოდა. ცხადია, ამ მასალის გარეშე ტრადიციული ჩაცმულობის შესწავლა შეუძლებელი გახდებოდა. ქართული ჩასაცმელი მკვლევართა საფუძვლიანი შესწავლის საგანი XX საუკუნიდან გახდა. ივანე ჯავახიშვილმა ქართული საეკლესიო მხატვრობის, ბარელიეფების და წერილობითი წყაროების შესწავლის საფუძველზე მოგვცა ტრადიციული ჩასაცმელის სტილის, სახეობათა, სამკაულთა, თმის დაყენების წესისა და მათთან დაკავშირებული ტერმინების ანალიზი. ამავე საკითხს ეძღვნება ი. ციციშვილის ნაშრომი. შემდგომი პერიოდის მონოგრაფიული კვლევა ეკუთვნის ნ. ჩოფიკაშვილს, რომელიც სამოსის შესწავლისას ძირითადად ივანე ჯავახიშვილის კლასიფიკაციას მიყვება და დეტალურად განიხილავს ქართული ჩასაცმელის სტილსა და ელემენტებს VI_XV საუკუნეების საქართველოში. ტრადიციული ქართული კოსტიუმის შესწავლას ეძღვნებოდა აგრეთვე გ. ჩიტაიას, ნ. გვათუას, ლ. ბოჭორიშვილის, თ. ოჩიაურის, გ. ჯალაბაძის, ი. სამსონიას ნაშრომები. ქართული ჩასაცმელი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით შეისწავლა ც. ბეზარაშვილმა.


ქართული სამოსის წარმომავლობის საკითხი

ტრადიციული ქართული კოსტიუმის წარმომავლობის შესახებ რამდენიმე შეხედულება არსებობს. ეს განსაკუთრებით შეეხებოდა სამეფო და დიდგვაროვანთა ჩასაცმელს და ხევსურულ `ტალავარს~. როგორც კვლევის შედეგად გამოჩნდა, სამეფო და დიდგვაროვანთა ჩასაცმელი და შესაბამისი მორთვის წესი, მეზობელი ხალხების გარკვეულ გავლენას განიცდიდა, კერძოდ, ქართულ ჩაცმულობაში დამკვიდრებული იყო სპარსული და ბიზანტიური ელემენტები, რაც, ცხადია, პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული.
რაც შეეხება ხევსურულ კოსტიუმს, იგი თავისი ორიგინალური ფორმის გამო, თავიდანვე გახდა მოგზაურთა და მკვლევართა ყურადღების საგანი. მას თავიდან არაქართული წარმოშობისად მიიჩნევდნენ და ტანსაცმლის მორთულობაში ჯვრის ფორმის ხშირი გამოყენების გამო, ხევსურებს ჯვაროსნების შთამომავლებად მიიჩნევდნენ. შემდგომ პერიოდში მკვლევართა მიერ ხევსურული “ტალავარი~ ძველი ქართული ტანისამოსის ფორმად იქნა მიჩნეული, ვინაიდან ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ჩაცმის იმ სტილის ელემენტები, რაც ხევსურებმა ყველაზე კარგად შემოინახეს, მომიჯნავე რეგიონებშიც დასტურდებოდა.
ქართული ჩასაცმელი ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდა კუთხეების მიხედვით, განსხვავებულად იცვამდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე მთასა და ბარში, რაც ძირითადად გეოგრაფიულ-კლიმატური პირობებითა და სამეურნეო ყოფის სხვაობით აიხსნება. ჩაცმის სტილში არსებული ეს განსხვავებები მცირეოდენი სახით ბოლომდე იქნა შენარჩუნებული, თუმცა, ჩამოყალიბდა კლასიკური ტიპი ქართული ჩასაცმელისა, ქართული კოსტიუმი _ მამაკაცისათვის გრძელი ჩოხა-ახალუხი, სათანადო ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი და ქალის კაბა, გრძელი, სარტყლით და ჩიხტი-კოპით დამშვენებული, რომელიც ფაქტობრივად, მთელ საქართველოში გავრცელდა (განსაკუთრებით დიდგვაროვანთა წრეში). სამოსის ეს კომბინაცია ქართლ-კახური წარმოშობისადაა მიჩნეული (ბეზარაშვილი, ჯალაბაძე 1988: 5). ტრადიციული ქართული კოსტიუმის შესწავლა მხოლოდ V_VI საუკუნეებიდანაა შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ჩნდება წერილობითი წყაროები და საეკლესიო მხატვრობა, სადაც მწირ ცნობებს მაინც ვხვდებით ტანისამოსის შესახებ. VI_XIV საუკუნეების ქართული ჩასაცმელი საფუძვლიანად არის შესწავლილი მკვლევართა მიერ და მასალის სიმცირის გამო, ეს უგრძესი პერიოდი, ფაქტობრივად, ერთ ეტაპად არის მიჩნეული. ამ პერიოდის ქართული სამოსის სამი ძირითადი ტიპი იქნა გამოყოფილი, რომლებიც გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებენ ერთმანეთთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად სხვა გავლენებისა, ქართული სამოსი მაინც არ კარგავდა თავის ძირითად სახეს და შინაგანი კანონზომიერების საფუძველზე ვითარდებოდა. თავდაპირველად გავრცელებული ყოფილა გრძელი ჩასაცმელი _ კაბა, რომლის გარედანაც ყელთან ან მხართან შეკრულ მოსასხამს იცვამდნენ. კაბა წელში დავიწროვებულია, გრძელი და ვიწროსახელოებიანი, ქობისკენ გაგანიერებული, ქობა კი რკალისებურად შეჭრილია; ქობის რკალისებური ჭრილი სპარსულ სტილად არის მიჩნეული. მოსასხამი ამ დროს ძირითადად ორი სახისაა _ პირველი, გრძელი, წელში დავიწროვებული და ძალიან გრძელი და ვიწრო, ანუ ცრუსახელოებიანი, რომელშიც მკლავის გაყრა შეუძლებელი იყო და ძირითადად, სამოსის მხატვრულ გასაფორმებლად გამოიყენებოდა (ჩიტაია 1955: 10_12). ასეთი ცრუსახელოებიანი მოსასხამი გვიანობამდე იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და დაღესტანში. მეორე სახის მოსასხამი სწორი ფორმის იყო და ფართე. მოსასხამთა შეკვრის წესის სხვადასხვანაირი იყო _ ზოგი ყელთან იკვრებოდა, ზოგი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. კაბის ქვეშ ეცვათ ვიწრო შარვლისებური სამოსი, ზოგჯერ ორმხრივად ჩაჭრილი ტოტებით და ვიწრო თასმით ფეხსაცმლის ლანჩზე დამაგრებული, ზოგჯერ სწორი და გადაკეცილი ტოტებით.
ტანსაცმლის მოსართავად გამოყენებული იყო მარგალიტი, სხვადასხვა სახის ძვირფასი და ფერადი ქვები, სახიანი ან მოქარგული ქსოვილები; წელზე შემორტყმული ჰქონდათ სხვადასხვა ფორმის ტყავის ან ნაჭრის ქამრები. ასეთი სახის ჩაცმულობა საქართველოში VI_X საუკუნეებში გვხვდება. X საუკუნის II ნახევრიდან წელში დავიწროვებული მოსასხამი აღარ იხმარება და რჩება მხოლოდ სწორი, ზოგჯერ კაბაზე ოდნავ მოკლე, ისევ ცრუსახელოებიანი მოსასხამი, რომელიც სახიანი ქსოვილისგან იკერება. სამოსელის ეს სტილი ხან სასანიდური ირანის, ხან ბიზანტიური ჩასაცმელის მსგავსად იყო მიჩნეული, თუმცა მათ შორის სრული ანალოგიების დადასტურება ვერ მოხერხდა.
VII საუკუნეში, პარალელურად დასტურდება აგრეთვე ჩაცმის განსხვავებული სტილი, ეს არის მთლიანად დაგოფრილი, ნაკეცებად ასხმული, გრძელი, წელში გამოყვანილი და სარტყელშემოვლებული კაბა, რომელიც ასევე სახიანი ქსოვილისგანაა შეკერილი, შემკულია მსხვილი მარგალიტებით. ეს თარგი მკვლევართა მიერ მთელი აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებლადაა მიჩნეული, ასეთივე სამოსი გამოსახულია სომხეთის ერთ-ერთი ბაზილიკის კედელზე. ჩაცმის ასეთი სტილი საქართველოში VII საუკუნის შემდეგ არ გვხვდება (ჩოფიკაშვილი 1964: 19).
X საუკუნის ბოლოდან ახალი ტიპის ჩასაცმელი ჩნდება, რომელსაც სხვადასხვა ვარიაციებით XI, XII და XIII საუკუნის შუა წლებამდე ატარებენ. ესაა ვიწრო და გრძელსახელოებიანი, წელში დავიწროებული, მოკლე, ბოლოგანიერი კაბები, რომელთაც X_XIII საუკუნეების განმავლობაში თარგი საერთო აქვთ, ხოლო დეტალებით განსხვავდებიან (ჩოფიკაშვილი 1964: 19).
ამავე პერიოდში გავრცელებული ჩანს მეორე ტიპის სამოსელი _ ორი ნაწილისგან შემდგარი, შიდა განიერი და გრძელი კაბაა, მარცხენა მხარეს ბოლომდე ჩახსნილი, მარჯვენა კალთაზე ღრმა ნაკეცებით გაფორმებული, გარეთა კი წელს ქვემოთ ოდნავ ჩამოსული, გადაფენილსაყელოიანი, ღრმად ამოჭრილი სამკუთხა გულისპირით, მოკლე და განიერი სახელოებით (ჩოფიკაშვილი, 1964: 31). ამ გარეთა მოსაცმელმა ერთი შეხედვით შეიძლება თანამედროვე პიჯაკის შთაბეჭდილება დატოვოს. აღსანიშნავია, რომ კაბები ძირითადად ჩახსნილია, ან მარცხენა, ან მარჯვენა მხარეს. ჩაქშეხსნილი კაბები საქართველოში XI საუკუნიდან შეიმჩნევა და სამოსის სამხედრო დანიშნულებიდან უნდა მომდინარეობდეს (ჩიტაია 1955: 24).
XIII საუკუნის II ნახევრიდან საქართველოში ახალი ტიპის სამოსელი ჩნდება, რომელიც ასევე ორი ნაწილისგან შედგება, შიდა _ კაბა და გარეთა ჩასაცმელი _ გრძელი, წელში ოდნავ გამოყვანილი, ბოლოგანიერი, ირიბად ჩაჭრილი გულისპირით, მარჯვენა და მარცხენა მხარეს ბოლომდე ჩახსნილი, გრძელი და ვიწრო სახელოებით, სამკლავეებითა და ოლვილებით გაფორმებული. ზოგჯერ ასეთ ჩასაცმელს გრძელი, მარგალიტებით გაწყობილი სარტყელიც ამშვენებს. სამოსის ეს ტიპი გამოსახულია XIII_XVI საუკუნეების სპარსულ მინიატურებზე და ამ ხნის მანძილზე სპარსეთში ყველაზე გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს (ჩოფიკაშვილი 1964: 33,35).
ამრიგად, არსებული მასალის საფუძველზე ჩანს, რომ სამოსის ფორმა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და VI-XIV საუკუნეებში ძირითადად სამი თარგის გამოყოფა შეიძლება 1. წელში დავიწროვებული, ბოლოგანიერი, გრძელი ან მოკლე, გრძელი და ვიწრო სახელოებით. 2. სწორი და განიერი, განიერივე სახელოებით და 3. სამკუთხედად ჩაჭრილი გულისპირით, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს ჩახსნილი, გადმოკეცილი ზედატანით.
გარეთა ჩასაცმელი V_XIV საუკუნეების მანძილზე მოსასხამებია; VI_VII საუკუნეებში სამი სახისა: წელში დავიწროვებული, ცრუსახელოიანი; ცრუსახელოიანი სწორი და განიერი და უსახელობო განიერი. წელში დავიწროვებული VI_VII საუკუნეების მერე არ გვხვდება. განიერს ატარებენ X საუკუნის II ნახევარშიც, უსახელობო კი XIII საუკუნის II ნახევრამდეა გავრფცელებული. XIII საუკუნის II ნახევრიდან XIV საუკუნის ბოლომდე მოსასხამები აღარ იხმარება, რადგან ორი ნაწილისგან შემდგარი ჩასაცმელი მოსასხამს არ საჭიროებს. XV საუკუნიდან მოსასხამი ისევ შემოდის — სახელოებიანი და ბეწვის საყელოთი. ზემოთ აღწერილი ტანისამოსი ძირითადად მამაკაცის ჩასაცმელს წარმოადგენდა. ამავე პერიოდის საქალებო სამოსელის შესახებ შედარებით მწირი მასალაა დაცული, ვინაიდან ქალების გამოსახულებები ნაკლებად გვხვდება საეკლესიო მხატვრობაში, თუმცა გარკვეული წარმოდგენის შექმნა მაინც შეიძლება. ქალის ჩასაცმელიც ძირითადად ორი ნაწილის _ კაბისა და მოსასხამისგან შედგებოდა. მოსასხამი ორი სახისაა _ უსახელობო, მხრებზე მოგდებული, კაბის სიგრძისა ან უფრო მოკლე და ცრუსახელოებიანი. მომდევნო საუკუნეებში ქალთა სამოსი მრავალფეროვნებით ხასიათდება, მაგრამ ზედა სამოსად ისევ მოსასხამი რჩება (ჩოფიკაშვილი 1964: 48).
აღნიშნული პერიოდის ტანსაცმლის ქართული ტერმინები, ფაქტობრივად, არ მოგვეპოვება და მათი დადგენა შეუძლებელია, წერილობით წყაროებში დაფიქსირებული რამდენიმე ტერმინი სპარსულიდან ან ბერძნულიდან შეთვისებულად ითვლება. საინტერესოა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლის ფერები და შემკობის წესი. ძირითადად მიღებული ყოფილა ღია ფერის სამოსელი (მუქი და ღია წითელი, ცისფერი, იისფერი, ყავისფერი, აგურისფერი და ა.შ.). ფართოდ ყოფილა გავრცელებული ტანსაცმლის შემკობის წესი ოლვილებით, მარგალიტებით და ძვირფასი თვლებით. ძირითადად და უხვად გამოიყენება მარგალიტი, რომლითაც გულისპირი, ქამრები და სახელოებია მორთული, გვხვდება მარგალიტისა და ოქროს ღილები.

Комментариев нет:

Отправить комментарий