რესურსები

არქიტექტურა
ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა. საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციაში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან, განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4-სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ-ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებულ ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისთვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით - სამცხე-ჯავახეთში, გავრცელებული იყო მიწური სახლები - მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწისსახურავიანი ნაგებობები. დასავლეთ საქართველოში, მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო, უმეტესად ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს აშენებდნენ, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა.
სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლის ტიპი - ფაცხა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული.
აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი - ყავარი.
სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსაცმლისგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებულ იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძნობი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელებულია ის კერძები, რომლებიც ადრე მათთვის დამახასიათებელი არ იყო.
 აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს (შოთს, ლავაშს) აცხობდნენ, მთაში კი - ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ეწეოდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი. დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომელიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა მხალეული), აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.
ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობის გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და სხვადასხვა პროვინციას შორის განსხვავებებიც შეინიშნება. გურიაში, მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.
ქართული ხალხური სამოსელი
ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. გამოირჩევა თუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, რაჭული სამოსელი. მამაკაცთა შესამოსელიდან ჩოხასთან ერთად აღსანიშნავია ხევსურული სამოსელი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამოსელი ჩაქურა.
ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ხევსურული ქალის სამოსელი - ტალავარი, რომელიც ორიგინალური თარგითა და ჭარბი ნაქარგობით გამოირჩევა. მას შინშალის ძაფისგან ქსოვდნენ. ტალავარი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ესენია: შალის გრძელი კაბა - სადიაცო, ზემოდან - შალისავე შემოსაცმელი ფაფანაგი ან მოკლესახელოებიანი ქოქლო. ხევსური ქალის თავსაბურავია სათაურა და მანდილი, ფეხსამოსი კი - თათები ან ქალამან-წინდა და ბაჭიჭები.
სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: მხარ-ზურგი და გულისპირი. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ბრტყელი და ზოლიანი არშია ეკერება, რომელსაც ეწოდება ქოქომონი. ქოქომონის ფერები განსაზღვრული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ - წითელი და ლურჯი. კაბა ყელთან სამკუთხადაა ამოჭრილი, სადაც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, . . ქოქა.
თუში ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა - ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა და მოსახური მანდილი.
მამაკაცის ჩაცმულობაში, მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი, და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათებიანი ქალამანი ჯღანი და სხვა. ჩაქურა გავრცელებული იყო აჭარაში, გურიასა და ნაწილობრივ სამეგრელოში. აჭარული კომპლექსის ელემენტებია შალის მოკლე ზედატანი, კვატუჯა ჩოხაჭონია, შალისავე ფართოუბიანი და ხვანჯრით შეკრული შარვალი ჩაქურა, ორჯიბიანი და საყელოიანი ახალუხი ზუბუნი, განიერი და გრძელი კუბოკრული აბრეშუმის სარტყელი თოლაბულუსი, ყაბალახი, ფეხსაცმელი ლაფჩინი და წინდა-პაჭიჭები. ქართლისა და კახეთის ტანსაცმლის ტიპების მსგავსებას აღნიშნავს ისტორიული წყაროები.

Комментариев нет:

Отправить комментарий